მერი ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერიის ზედამხედველობისა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
იაძის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი №4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდება. ასევე, დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
ქალაქის იერსახისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილის ქუჩა №57, გოგებაშვილის ქუჩა №7-ში და ადიგენის ქუჩა №20-ში და №2-ში.
აქტიურად გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. ქალაქში ამ მიმართულებით სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
დაგეგმილია სპორტსკოლის სრული რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩა №124 -ში ყოფილი კინო-კლუბის ადგილზე ახალი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50 კაციანი კინო-დარბაზი და მედიათეკა. ასევე ახალი შენობა აშენდება ახალციხის სამუსიკო სკოლისთვისაც.




