Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სადღესასწაულო წირვა

30 June, 2024

დღეს, 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ქალაქის მთავარი დღესასწაული, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა აღავლინეს. სასულიერო პირებმა, ტაძარში შეკრებილებს, ახალციხის მცხოვრებლებსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცეს და შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს.

საზეიმო წირვას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილე დავით ტაბატაძე, სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მრევლი დაესწრნენ.

„ახალციხელობა 2024“ დღის მეორე ნახევარში ახალციხის ციხეზე გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია სპორტული გასართობი თამაშები, მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, აქტივობები ახალგაზრდებისთვის, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, დაჯილდოვდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები და საპატიო ახალციხელები. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალა კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ახალციხის ციხეზე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის პირდაპირ ჩვენება მოეწყობა. ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრები და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.

+12

Share page