საბჭოს წლის შემაჯამებელი სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა საბჭოს წევრებს წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა შშმ პირების ხელშეწყობის მიზნით მოქმედ პროგრამებსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე.
მიმდინარე წელს 38 უსინათლო/მცირემხედველი ბენეფიციარისათვის შეძენილი იქნა ხმოვანი არტერიული წნევის და ხმოვანი სისხლში შაქრის საზომი აპარატები. აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ასევე, წლებია მიმდინარეობს „უსინათლო/მცირემხედველ პირთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღების“ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარების რეაბილიტირებულ ადაპტირებულ დასასვენებელ (სახლში) გარემოში დასვენებას, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა.
აღსანიშნავია, რომ მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები შშმ პირებისთვის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 9 ერთეული სპეციალური ეტლი, რომლითაც შესაძლებელია კიბეებზე გადაადგილება.
საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო მომავალი წლის გეგმებსა და ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში განხორციელებულ ცვლილებებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.




