აწყურში ტრადიციული ღონისძიება „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აწყურში ტრადიციულ ღონისძიებას „შემოდგომის ფესტივალს“ დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი სამზარეულო და ტრადიციული კერძები. სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა სოფელ აწყურის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ვარლამ წიკლაურმა ხაზი გაუსვა აწყურის, როგორც მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე, ისტორიული სოფლის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ სოფელი მალე შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ.
საშემოდგომო ფესტივალი „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ და აწყურის კულტურის სახლის ორგანიზებით მესამე წელია ტარდება.
