„ავსტრიული ლიტერატურული შაბათ -კვირა"
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რიგით მესამე „ავსტრიულ ლიტერატურულ შაბათ -კვირას“ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, ახალციხეს საქართველოში ავსტრიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თომას მიულმანი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
ღონისძიებას სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, დოკუმენტური ფილმის „კარლ ჯერასი - ჩემი ცხოვრება“ ჩვენება გაიმართა. ფილმის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე მიესალმნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ წლევანდელი ღონისძიების თემატიკაა „ ებრაული მემკვიდრეობა ავსტრიულ ლიტერატურაში“.
დღესვე, უნივერსიტეტში ავსტრიელი მწერლის ინგებორგ ბახმანის შესახებ გამოფენა გაიხსნა. მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრა თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მზია გალდავაძემ. გამოფენის დათვალიერება მსურველებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ღონისძიება ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის ავსტრიულ ბიბლიოთეკასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა. პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში ავსტრიული კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია.




