მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
დღეიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, პირველი შეხვედრა აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, ასევე, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
თისელის, ტყემლანისა და აწყურის მცხოვრებლებმა ირაკლი ლაზარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, თუ რას მოხმარდება მათთვის გამოყოფილი თანხა.
მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.




