ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ოლიმპიადის „ზარზმა“ უმცროსკლასელთა დაჯილდოების ცერემონია

6 აგვისტო, 2024

ახალციხის ციხეზე, მათემატიკური ოლიმპიადის „ზარზმა“ უმცროსკლასელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა „სავანე“ ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასელებისთვის მათემატიკაში ოლიმპიადა „ზარზმა“ ჩაატარა. შედეგად, თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ყურადღება გამახვილდა, ზარზმის აკადემიის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებთან, ასევე აკადემიის სასწავლო პროცესში რონდელის ფონდისა და World Vision საქართველოს მხრიდან გაწეული მხარდაჭერაზე.

ღონისძიებაზე შესრულდა „თეატრალური კვარტეტისა“ და ანსამბლის „ზარზმა“ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის საზოგადოების და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და მათი ძალისხმევით ნიჭიერი მოსწავლეები მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ სწავლობენ. წლების განმავლობაში მათ მიერ მომზადებული არაერთი ბავშვი ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში ჩაირიცხა და აგრძელებს სწავლას.

 

გააზიარე