სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება
ახალციხის ციხეზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით და მხარდაჭერით, 2023- 2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ გახსნა, შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, სასწავლო წელი შეაჯამა და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.
განსაკუთრებულად აღინიშნა ის, რომ ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 12 საგამოცდო ცენტრს შორის ერთ-ერთია, სადაც წარმატებით მიმდინარეობს ეროვნული გამოცდები. ხაზი გაესვა სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლების მხარდაჭერას და სახელფასო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი.
ღონისძიებაზე დასახელდნენ საქართველოს ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები. მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან პრემიაზე წარსადგენად 24 პედაგოგი შეირჩა, რომელთაც თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, კრეატიულობით, განსაკუთრებული დამსახურება აქვთ მოსწავლეთა აღზრდა განათლებასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, სასკოლო თემის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მასწავლებლებს სიტყვით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მათ დამსახურებაზე ისაუბრა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა ღონისძიება მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაალამაზეს. მოეწყო ფოტოებისა და ნახატების გამოფენა სახელწოდებით „მე და ჩემი მასწავლებელი“, „რას ვუსურვებ ჩემს მასწავლებელს“ და „წერილი მასწავლებელს“.
შეხვედრას საგანმანათლებლო სფეროს , სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ირაკლი ლაზარაშვილმა ქ. თბილისში გამართულ „ქართული კუთხეების ფესტივალში“ წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადასცა ხელოვნების სტუდია „პალიტრა“-ს ხელმძღვანელს მარინა მჭედლიძეს, ქორეოგრაფიული ანსამბლების „ზარზმა„ და „სამცხე“-ს ხელმძღვანელს ზაზა ბერიძეს და ფოლკლორულ ანსამბლ „ხმა მესხეთიდან“ ხელმძღვანელს ნათია ღვინიაშვილს.




